ახალი ამბები
ქუთაისსა და სამ ქალაქში გამონაბოლქვზე ავტომობილებს ივნისიდან შეამოწმებენ
FaceBook
გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი, 2023 წლის ივნისიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ხელოვნური გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელებას გეგმავს.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტარიელ ირემაძემ განაცხადა, შემოწმება, პირ­ველ ეტაპ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს 4 დიდ ქალაქში: თბი­ლი­სში, ბა­თუ­მში, რუს­თა­ვსა და ქუ­თა­ი­სში სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში განხორციელდება. 

„ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება გაჩერდება და სპეციალური მოწყობილობებით შემოწმდება გამონაბოლქვზე. იმ შემთხვევაში, თუ გაზომვის დროს აღმოჩნდება, რომ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები გადაჭარბებულია, ფიზიკური პირის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო, 30 დღის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში, ჯარიმა გასამმაგდება და გახდება 300 ლარი“, - განმარტა მან.

მისივე თქმით, დასაწყისისთვის აქცენტი ხილულ გამონაბოლქვზე გაკეთდება, თუმცა, ეკიპაჟს ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და შემოწმების უფლება ექნება.

ამასთან, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ დაეთანხმება შედეგებს, მას აქვს უფლება მანქანა უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაიყვანოს, სადაც ავტომობილი მთლიანად გაივლის ტექდათვალიერებას.

„თუ ტექდათვალიერების შემდეგ ავტომობილზე იგივე პრობლემები იქნება აღნიშნული, საჯარიმო სანქცია ძალაში დარჩება, ხოლო, თუ აღნიშნული პრობლემები არ დადასტურდება, ამ შემთხვევაში ჯარიმის ანულირება მოხდება და გავლილი ტექინსპექტირების საფასურის გადახდაც აღარ დაეკისრება ავტო-სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს“, - განმარტა ტარიელ ირემაძემ. 

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები დაწყებულია და პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა კანონპროექტი.
Print