ახალი ამბები
საქართველოს აეროპორტებიდან ფრენები იმ ავიაკომპანიების მიერ შესრულდება, რომლებიც სანქცირებული არ არიან
FaceBook
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენები მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით შესრულდება, რომლებიც სანქცირებულთა სიაში არ არიან.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე: შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშოროსო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე.

კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: ფრენები აეროპორტებში შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ. განსხვავებული მიდგომა არცერთ საერთაშორისო აეროპორტს შორის არ იქნება", - აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან, ანუ დღეიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა. 

პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის. მას შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რუსული ხომალდები მიღებაზე უარს ამბობდა. 


Print