ახალი ამბები
მღვიმეებსა და კანიონებზე შესვლა შესაძლოა გაძვირდეს
FaceBook
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა, სავარაუდოდ, პირველი ივნისიდან გაძვირდება.
შესაბამისი სახის შეტყობინებები ტურიზმის დარგის წარმომადგენლებს მიუვიდათ, რის შესახებაც გიდები და ტუროპერატორები სოციალურ ქსელში წერენ.

„სეზონის დასაწყისში, დღეს გვამცნეს რომ გაძვირდა: პრომეთე, კინჩხა, სათაფლია, ოკაცე, მარტვილის შესასვლელი ბილეთების ღირებულება. ერთხელ მაინც მოიფიქრონ და სანამ ტურპაკეტებს ავაწყობთ, მანამდე გაგვაფრთხილონ“, - წერს სასტუმროების მმართველი და ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი.

მისივე ცნობით, ბილეთის საფასური 2-დან 5 ლარამდეა გაზრდილი. მათ შორის, პრომეთეს მღვიმეში შესვლის საფასური - 25 ლარი, მარტვილის კანიონზე კი - 20 ლარი გახდა.

ტურიზმის დარგის წარმომადგენლებისთვის გაგზავნილი შეტყობინების მიხედვით, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მარტვილის, ოკაცეს, კინჩხას, პრომეთეს, სათაფლიას და ნავენახევის ბილეთების ღირებულების გადახდა გაზრდილი ფასით მოუწევთ.

გავრცელებული ინფორმაციით, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა ბილეთების ღირებულებას ცვლილება არ შეეხება.


Print