ახალი ამბები
"დანგრეულ სახლში, ბავშვებთან ერთად გვიწევს ცხოვრება" - ზესტაფონში დახმარებას ითხოვენ
FaceBook
დაბზარული კედლები, ჩავარდნილი იატაკი, დეფორმირებული საცხოვრებელი სახლი - ასეთ ვითარებაში უწევთ ცხოვრება ზესტაფონის, უზნაძის ქუჩის მკვიდრთა დიდი ნაწილს.
აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე სახლების უმეტესობა დაბზარულია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობების დაზიანება რიკოთზე მაგისტრალის მშენებლობის შემდეგ დაიწყო. დასახლებას პრობლემა გვირაბმა შეუქმნა, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონტრაქტორ ჩინურ კომპანიას ქუჩის ქვეშ უნდა გაეყვანა.

„იატაკი საერთოდ აღარ არის, ჩავარდნილია, კედლებზე ბზარებია, აბანო, სამზარეული დანგრეულია, გაუსაძლის დღეში ვართ. თავიდან გვითხრეს, თუ რამე დაზიანდება, გადაგიხდით, რომ შეაკეთოთ და გაამაგროთო, მაგრამ მას შემდეგ ჩვენთან კავშირზე არავინ გამოსულა“,- ამბობს ადგილობრივი.

მძიმე მდგომარეობაა ამავე ქუჩაზე არსებულ საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, სადაც 40-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.

„ყურადღებას არ გვაქცევს არავინ და გვიწევს ამ დანგრეულ სახლში ცხოვრება ბავშვებთან ერთად და შიშის ქვეშ",- განმარტავს შენობის მკვიდრი.

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ და ამ მიზნით, აპირებენ სასამართლოს მიმართონ. 

"დაგვიმტკიცონ რისი ბრალია, მოვიდეს ადვოკატი, სასამართლომდე მივიდეს ჩვენი საქმე, ჩვენ გავცემთ პასუხს რაც ხდება",- ამბობს ლილი დავითულიანი. 

ზესტაფონის მოსახლეობას “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები შეხვდნენ და იურიდიულ დახმარებას დაპირდნენ.





Print