ახალი ამბები
„ჩუმათელეთი-ხარაგაული-ზესტაფონის შემოვლითი გზის სამუშაოები შეჩერებულია“
FaceBook
სავარაუდო კორუფცია და ჩუმათელეთი-ხარაგაული-ზესტაფონის შემოვლითი გზის ჩავარდნილი პროექტი - ამ თემაზე „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თორნიკე ავალიშვილმა ბრიფინგი გამართეს.

მათი განმარტებით, აღნიშნული მონაკვეთი, რომელიც ახალი ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალის მთავარი შემოვლითი გზა და ალტერნატივა უნდა ყოფილიყო, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები შეჩერებულია.

ლაშა ფარულავა ამბობს, რომ ხელისუფლებას დაპირება რომ შეესრულებინა, რიკოთზე დაწესებული შეზღუდვების გამო, მძღოლები ახლა სწორედ ამ გზით ისარგებლებდნენ და არა საჩხერე-ჭიათურის.

„სამინისტრომ ამ გზის მშენებლობისთვის სავარაუდო კორუფციული გზით შეარჩია კომპანიები, რომლებიც „ოცნების“ შემომწირველები არიან, ამიტომ შედეგიც სახეზეა: მიტოვებული სამუშაო და შეჭმული მილიონები. ამდენად, რიკოთის უღელტეხილზე, „ოცნების“ ანონსი, რომ ეს იქნებოდა „საუკუნის პროექტი“, მოქალაქეებისთვის საშვილიშვილო ტვირთად იქცა, ვინაიდან ეს ვალი, სამწუხაროდ, ჩვენი მომავალი თაობების გადასახდელი იქნება“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას მონაკვეთის მნიშვნელობაზე ისაუბრა თორნიკე ავალიშვილმაც. მისი თქმით, ამ გზით ხარაგაულის მოსახლეობის ¼ სარგებლობს. გარდა ამისა, ადგილობრივებისთვის ეს პროექტი, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, მომგებიანი უნდა ყოფილიყო.

„ამასთან, ეს გზა უკავშირდება კურორტ ნუნისს, სადაც ფაქტობრივად, ადამიანებს პრობლემის გარეშე შეეძლოთ შესულიყვნენ (ფსორიაზით დაავადებული პაციენტები იკურნებიან ამ კურორტზე) და რაც ყველაზე მთავარია, ეს პროექტი დასრულებული უნდა იყოს უკვე რიკოთის უღელტეხილის გრანდიოზული პროექტიდან გამომდინარე. შეიძლება პრობლემატური საკითხები ყოფილიყო, სადაც გამტარობა ავტომობილების არ იქნებოდა და შემოვლითი გზით უნდა ყოფილიყო ამ მანქანების გამტარობა, სადაც 40 კმ-ს დაფარვა ფაქტობრივად 20-25 წუთში შეეძლებოდა მგზავრს, მაგრამ არ გაკეთდა“,- განმარტავ ავალიშვილმა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მონაკვეთის გასაკეთებლად ტენდერი რვაჯერ იყო გამოცხადებული, „ან პროექტს აქვს პრობლემა, ან და შესრულებას“.

პროექტი აზიის განვითარების ბანკისგან აღებული სესხით დაფინანსდა და 2021 წელს უნდა დასრულებულიყო.


Print