ახალი ამბები
მერია სოციალური საცხოვრისის ცარიელი შენობის დაცვაში ერთ თვეში 7 000-მდე ლარს დახარჯავს
FaceBook
ექვსი თვე გავიდა, რაც ქუთაისში, გუგუნავას N12-ში, ახალი სოციალური საცხოვრისი მოეწყო, თუმცა მერიას უსახლკარო ადამიანები ამ დრომდე არ შეუსახლებია.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გვითხრეს, რომ შექმნილი იყო კომისია, რომელიც საცხოვრისში ბინადრობის მსურველთა განცხადებებს განიხილავდა, თუმცა, როგორც ჩანს, კომისიის წევრები ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდნენ, რა კრიტერიუმებით შეარჩიონ ადამიანები.

მანამდე კი გამოკეტილი და ცარიელი შენობის შენახვაზე ბიუჯეტიდან ცალკე თანხები იხარჯება. მაგალითად, მერია საცხოვრისის დაცვის მომსახურებას შეისყიდის, რისთვისაც ერთ თვეში 6600 ლარს დახარჯავს.

„საცხოვრისში სარეაბილიტაციო სამუშოები დასრულებულია, მაგრამ ჯერჯერობით არაა დასრულებული ფართების განაწილება და მფლობელებზე გადაცემა. რომ არ მოხდეს შენობაში გარეშე პირების თვითნებური შეჭრა, ქურდობა, ყაჩაღობა ან სხვა დანაშაულებრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედება, მიღებული იქნა გადაწყვეტილება გაგრძელდეს შენობის დაცვის მომსახურების შესყიდვა ოცდაათი კალენდარული დღით ცეცხლსასროლი (სამსახურეობრივ-საშტატო) იარაღით“, - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის [SMP230001332] დოკუმენტში.

ჩანს, მერიაში არ ჩქარობენ უსახლკაროების დაბინავებას. ეს მაშინ, როცა ადგილობრივ თვითმმართველობაში 500-მდე თავშესაფრის მაძიებელის (2018 წლიდან დღემდე) განცხადება უდევთ.

ქუთაისის მერიამ გუგუნავას ქუჩა #12-ში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად 840 508 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი (NAT210000108) გასულ წელს გამოაცხადა. ყოფილ ელექტრომექანიკურ ქარხანაში ბენეფიციარებისთვის 42 ოთახნახევრიანი ბინა მოეწყო.

ობიექტის კეთილმოწყობის პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა, რადგან ამ შენობაში რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, რომლებსაც, შენობაში სოციალური საცხოვრისის მოწყობის გამო, ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებოდათ. შესაბამისმა სამინისტრომ კი, ისინი ალეტრნატიული ფართით მხოლოდ საპროტესტო აქციების შემდეგ დააკმაყოფილა.

Print