ახალი ამბები
"ვისაც ქუთაისელი გქვიათ, გთხოვთ, ეს სასაფლაოს ჭიშკარი არ დაადგმევინოთ ამ ადგილზე"
FaceBook
ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე მდებარე ხარების სახელობის ეკლესიის მიმდებარედ, რკინის ჭიშკარი აღმართეს.

საუბარია ე.წ. ფრანგების უბანზე. 

სოციოლოგი და რელიგიის მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოფო ზვიადაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ადგილი სხვადასხვა შენობისა და ხედის კომპლექსია, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოა, ამიტომ აქ ამ ჭიშკრის ადგილი არ არის.

„ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ე.წ. "ფრანგების უბანში" ქუთაისში, ამ სივრცის სილამაზეც ემახსოვრება. დღეს გავიგე, რომ ალაყაფი აღუმართავთ. არ შეიძლებოდა ამ ადგილის გადაკეტვა. ორასი წელია ასეთია ამ ქუჩების წყობა და ეს ხედი, და ის ყველასია. ალბათ, ეკლესიის ეზოდ შემოისაზღვრა და ასე გადაკეთდა ეს უნიკალური ადგილი, რომელიც ერთი მთლიანობა იყო ეკლესიით, კათოლიკური სასაფლაოთი, ნარდის სათამაშო მაგიდით, გლიცინიებით და პატარა ქუჩით“- ამბობს სოფო ზვიადაძე.

ქუჩის „შემოღობვას“ აპროტესტებენ ადგილობრივებიც.

„რა საჭირო იყო? რა არის ეს სიმახინჯე კარი“, - ამბობს მოქალაქე.

„ვისაც ამ ქალაქზე გული შეგტკივათ, გქვიათ ქუთაისელი და მეობა/გაგება შემოგრჩენიათ, გთხოვთ, ეს სასაფლაოს ჭიშკარი არ დაადგმევინოთ ამ ადგილზე..“- განმარტავს „საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი.

ქუთაის-გაენათის ეპარქიაში ამბობენ, რომ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

Print