ახალი ამბები
ქუთაისში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა - ორ უბანში კარანტინია გამოცხადებული
FaceBook
ქუთაისში, თაბუკაშვილისა და ბათუმის ქუჩაზე ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა - ორივე უბანში კარანტინია გამოცხადებული.

აღნიშნულს ადასტურებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. მათი ინფორმაციით, ცოფი მიუსაფარ ძაღლს და პატრონიან ლეკვს, რომელსაც აცრა არ ჰქონდა ჩატარებული, რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა. 

"შემთხვევის დაფიქსირებისთანავე მივმართეთ, წერილობითი დადგენილების თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულს და მან გამოსცა განკარგულება კარანტინის დაწესების თაობაზე. ჩვენი სამსახურის მიერ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები კერაში, კერის ირგვლივ კი ვაქცინაციები მიმდინარეობს ცხოველების",- განმარტავენ სააგენტოში.

ქუთაისის ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებში კი, რომელიც უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველებზეა პასუხისმგებელი, აცხადებენ, რომ საპრევენციო ღონისძიებები, რაც მათ შეუძლიათ განახორციელონ ის არის, რომ მიუსაფარ ძაღლებს, კანონის ფარგლებში, თავშესაფარში 10 დღე აჩერებენ და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფენ.

"ჩვენ ვახორციელებთ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადმოყვანა/დაბინავებას, მათ სამედიცინო დაკვირვება/შემოწმებას, ხოლო ბოლო ეტაპს, ცოფზე ვაქცინაციას ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. გაძლიერებული გვაქვს მონიტორინგი, ჩართულია ცხელი ხაზი, სწრაფად ვრეაგირებთ გამოძახებებზე, გავდივართ შემთხვევის თუ კონკრეტულ ლოკაციებზე,“- განმარტავს სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.

ქუთაისის გარდა, ცოფის შემთხვევები მანამდე დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა. 

Print