ახალი ამბები
ქუთაისის ახალი საცურაო აუზის დირექტორის პოზიციაზე კონკურსი ცხადდება
FaceBook
ქუთაისის ა(ა)იპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება" საცურაო აუზის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს.

ვაკანსია დასაქმების საიტზე დევს, სადაც მითითებულია, რომ დირექტორი პასუხისმგებელია საცურაო აუზის სრულ მენეჯმენტზე; აფასებს თანამშრომელთა
მუშაობის ხარისხს და აძლევს რეკომენდაციებს; ზედამხედველობს და კონტროლს უწევს აუზის უსაფრთხოების საკითხებს, ასევე თანამშრომელთა მიერ შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულებას.

აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის მსურველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მარკეტინგის, ეკონომიკის, ფინანსების, სპორტის მენეჯმენტის ან სპორტის ფიზიოლოგიის სპეციალობით. ამასთან, რომელიმე ამ სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

სავალდებულოა ინგლისურის, ფრანგულის ან გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნა.

თანამდებობრივი სარგო 2000 ლარს შეადგენს.

როგორც ვაკანსიაზე თანდართულ დოკუმენტშია აღნიშნული, თანამდებობის დასაკავებლად, კონკურსის ჩატარებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, შეიქმნება ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების საკონკურსო კომისია.

კანდიდატებს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადების წარსადგენად 10 დღე აქვთ განსაზღვრული.

გავრცელებლი ინფორმაციით, ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის გახსნა მაისის ბოლოს იგეგმება. აუზის მშენებლობისთვის, ჯამში, 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

Print