ახალი ამბები
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი საუკეთესო ევროპული მუზეუმის ჯილდოს მფლობელი გახდა
FaceBook
ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს, ბარსელონაში, ევროპის მუზეუმების ფორუმზე, წლის საუკეთესო ევროპული მუზეუმების დაჯილდოების ფარგლებში, პრიზი გადაეცა.

სილეტოს პრიზი, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს "საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობისთვის" გადაეცა. 

"საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მიზანია, ჩამოაყალიბოს ახალი პერსპექტივები ქალაქ ვანის, არქეოლოგიური გათხრების ადგილისა და რელიგიური ცენტრის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მითიურ ოქროს საწმისთან. მისი ახლად რესტავრირებული შენობა 2020 წელს გაიხსნა  მუდმივმოქმედი გამოფენებით, რომლებიც ასახავს კოლხეთის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქის არსებობის რვა საუკუნეს, – ნათქვამია წლის საუკეთესო ევროპული მუზეუმების ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მუდმივი და დროებითი გამოფენების გარდა, მუზეუმს გააჩნია საგანმანათლებლო პროგრამების ფართო სპექტრი და წარმოადგენს კვლევით ლაბორატორიას, როგორც რეგიონის ყველაზე დიდ და ერთადერთ მრავალფუნქციურ საჯარო სივრცეს. ის ასევე არის რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრების ადგილი.

"მუზეუმის პროექტები და პროგრამები მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ჩართვისკენ არქეოლოგიური ძეგლის დაცვაში", – ნათქვამია წლის საუკეთესო ევროპული მუზეუმების ფორუმის ვებგვერდზე.
Print