ახალი ამბები
ცხოველის გასეირნების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმების გაზრდა იგეგმება
FaceBook
შინაური ცხოველის გასეირნების წესების დარღვევისთვის, შესაძლოა, მეპატრონისთვის გათვალისწინებული ჯარიმა გაიზარდოს.

ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა ისაუბრა.

მისი განცხადებით, მეპატრონეებმა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და გასეირნების წესები უნდა დაიცვან, რათა დაცული იყოს როგორც ადამიანის, ისე ცხოველის უსაფრთხოება.

„ცხოველი რეგისტრირებული უნდა იყოს, მეტისის შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია. მინიმალური საკვების მიცემა, ასევე, აუცილებელია მეპატრონემ გასეირნების წესები დაიცვას. კერძოდ, 19:00 საათიდან 23:00 საათამდე, როდესაც გამოგყავს ცხოველი, უნდა გამოიყენო ალიკაპი ან საბელი. ასევე, შესაძლებელია მოკლე საბელით გამოიყვანო, ალიკაპის გარეშე. ეს მინიმალური წესებია, რომელიც მეპატრონემ უნდა დაიცვას“, - განმარტავს გიორგი კობიაშვილი.

ამ დროისთვის გასეირნების წესების დარღვევისთვის  20 ლარია განსაზღვრული.  სწორედ ამ ჯარიმის გაზრდა იგეგმება.

„ჯარიმის გაზრდას მეც ვემხრობი. ვფიქრობ, დღეს საკმაოდ დიდ პრობლემა არის ამ მიმართულებით. სკვერებში, სადაც არსებობს ძაღლებისთვის სასეირნო სპეციალური სივრცე, ცარიელია და ძაღლების უშვებენ საბელის გარეშე, მაგალითად ბავშვების სივრცეში“,- აღნიშნა კობიაშვილმა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, აღნიშნულ სიახლეზე საკანონმდებლო ორგანო უკვე მუშაობს.
Print