ახალი ამბები
"გვეგონა დაგვადგებოდა საშველი, მაგრამ ბინებს წელსაც არ გვაძლევენ" - დევნილების აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, იმერეთის დევნილთა სამმართველოში ხმაური იყო.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა კუთვნილი ბინები მოითხოვეს.

ისინი ამბობენ, რომ წლებია, გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება, მთავრობა ბინებით დაკმაყოფილებას დაჰპირდა, თუმცა დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიაში საკუთარი თავი ამჯერადაც ვერ იპოვეს. 

„მარტოხელა დედა ვარ, 32 წელია ვცხოვრობთ საერთო ბინაში და ძალიან ცუდ პირობებში ვართ. გვეგონა დაგვადგებოდა საშველი და ნორმალურად ვიცხოვრებდით, მაგრამ წელსაც არ აღმოვჩნდით სიაში. არავინ გვეხმარება და არც მცირე იმედს გვაძლევს“,

„მე და ჩემს შვილს, რომელიც ომის ვეტერანია, გვეკუთვნის ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა. წლებია ველოდებით, მაგრამ ამჯერადაც ისე დავრჩით. უსამართლოდ გვექცევა სახელმწიფო, თვიდან თვემდე 250-300 ლარით გაჭირვებით ვიტანთ თავს, ნუთუ არ შეიძლება მოგვხედონ და დაგვეხმარონ“,
- ამბობენ დევნილები.

აღნიშნულ პროტესტთან დაკავშირებით დევნილთა სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ.

სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით კი, საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო და  ქუთაისში ბინას იძულებით გადაადგილებული 480 ოჯახი უახლოესს დღეებში მიიღებს. 

"საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, მიიღო. დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული, უპრეცედენტოდ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყო თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში. 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი, იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. 7000-მდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6000 ოჯახი კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მათი თქმით,  ქუთაისში დაწყებულია დამატებით სამი კორპუსის მშენებლობა, რომელიც 720 დევნილი ოჯახის განსახლებას ითვალისწინებს. მშენებლობა 2025 წლის ბოლოს დასრულდება.


Print