ახალი ამბები
მოსახლეობის 64%-ის აზრით, არ არსებობს საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავს - NDI
FaceBook
გამოკითხული მოსახლეობის 64% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს.
ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) საზოგადოებრივი აზრის 2023 წლის მარტში ჩატარებულ კვლევის შედეგი. 

"ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 14% და ოპოზიციის მხარდამჭერთა 36% მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს. ახალგაზრდები (18-34 წლის მოსახლეობა) განსაკუთრებული სკეპტიკურობით გამოირჩევიან.

კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს? პასუხები ასეთია: 24% - დიახ, 64% - არა, 9% - არ ვიცი, 2%- უარი პასუხზე.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 47% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს; კიდევ უფრო მეტი 67% ამბობს ამავეს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე.

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, არცერთ პარტიას – 34%, არ ვიცი – 26%, სხვა პარტიებს, ჯამში, 6%. კვლევა მიუთითებს, რომ პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.





Print
თეგები: #NDI-ს კვლევა