ახალი ამბები
მთავრობის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი შემცირებულია - NDI
FaceBook
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით, CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი შემცირებულია.

კითხვაზე, როგორ აფასებთ საქართველოს მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ კარგად, 43% - ცუდად, 11% -მა არ იცის, 3% კი - უარს ამბობს პასუხზე. მთავრობის საქმიანობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად ახალგაზრდა მოქალაქეები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი. ამასთან, მთავრობის შეფასება გაუარესებულია ახალგაზრდებს შორის და სოფლის ტიპის დასახლებებში.



გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტისა და პრემიერის საქმიანობის შეფასება სტაბილურია, პარლამენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასება კი - ოდნავ გაზრდილი. 

პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ახალგაზრდებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორისაა, პრემიერის საქმიანობის კი - სოფლის ტიპის დასახლებებში, 55+ ასაკის მოსახლეობასა და ხელისუფლების მხარდამჭერებში.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტისადმი დამოკიდებულება პარტიულ სიმპათიებთან არის კავშირში.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობის, 51%-ის აზრით, პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ. აღსანიშნავია, რომ ეს მოსაზრება ყველა დემოგრაფიულ ჯგუფზე ვრცელდება. გამონაკლისი „ოცნების“ მხარდამჭერები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების ინტერესებს ემსახურებიან.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, უმეტესობა ფიქრობს, რომ პარლამენტი თავის ფუნქციებს ეფექტურად ვერ ასრულებს.

ამასთან, ხელისუფლების მხარდამჭერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტი მთავრობას ეფექტურად უწევს ზედამხედველობას, დანარჩენი მოსახლეობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს. ასევე, „ოცნების“ მხარდამჭერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს და რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს, დანარჩენი მოსახლეობა კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.


Print
თეგები: #NDI #კვლევა