ახალი ამბები
ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე ყველაზე დიდი გამოწვევებია - NDI
FaceBook
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და „CRRC – საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია.

ამასთან, როგორც კვლევაშია ნათქვამი, ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს - ეს მოსახლეობის 48%-ია. ეკონომიკის მდგომარეობას საშუალოდ აფასებს 42%, ხოლო კარგად - 9%. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, თბილისელები და ოპოზიციის მხარდამჭერები ეკონომიკის მდგომარეობას სხვებზე უფრო კრიტიკულად აფასებენ.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოსახლეობის ნახევარს, 50%-ს, ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს. 35% დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ეკონომიკურ პრობლემებს გაუმკლავდება, 15-მა პროცენტმა კი არ იცის.

გამოკითხულთა უმრავლესობა, 35% ამბობს, რომ ახლა იგივე ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ახალგაზრდები კი ამბობენ, რომ ხუთი წლის წინანდელთან შედარებით, ახლა მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ.

კვლევის მიხედვით, თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს. ამასთან, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის.

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკისა და მმართველობის განვითარებას; დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს გამოავლინონ და გადაჭრან შემდეგ საკითხებთან დაკავშირებული ეროვნული დონის პრობლემები: ეკონომიკა, ინსტიტუტები, საგარეო პოლიტიკა, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა და სხვა.

კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

Print
თეგები: #NDI-ს კვლევა