ახალი ამბები
ქუთაისში, მედიის წარმომადგენლები გვარამიას შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავენ
FaceBook
„პრეზიდენტო, თქვენ ეს შეგიძლიათ“,  „თავისუფლება ნიკას“ - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ქუთაისში, მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

მათ „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლება, სიმბოლურად, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს მოითხოვეს. 

იმერეთში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტების განმარტებით, გვარამია პოლიტიკური პატიმარია, რადგან ის აბსურდული ბრალდებით არის დაკავებული. ამიტომ მათ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალების მოთხოვნით მიმართეს.

„მედიამენეჯერის გათავისუფლებით საქართველოს პრეზიდენტი დაიცავს დემოკრატიულ მედიაგარემოს და ამით ევროკავშირის 12 პუნქტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთხოვნას შეასრულებს. ასევე, ამ ქმედებით სალომე ზურაბიშვილი დაანახებს ყველას, რომ ის პატრონაჟია სიტყვის თავისუფლების ჩვენს ქვეყანაში. მე და ჩემი კოლეგები ვთხოვთ პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია, რომელიც შეწყალებას არ მოითხოვს, რადგანაც აბსურდული ბრალდებით არის გამოკეტილი ციხეში. პრეზიდენტო თქვენ ეს შეგიძლიათ“, - ამბობს „ფორმულას“ ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე.

16 მაისს ერთი წელი გახდება, რაც "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაშია.

თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე 3 მაისს 1993 წლის 21 დეკემბრის გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება. გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებას 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების მიერ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში ე.წ. ვინდჰუკის დეკლარაციის მიღება უსწრებდა წინ.
Print