ახალი ამბები
დღეს, ქუთაისში შუალედური არჩევნები ტარდება
FaceBook
ქუთაისში დღეს საკრებულოში ავტოქარხნის მაჟორიტარ დეპუტატს "აირჩევენ".
ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა.

მოქალაქეებს ბიულეტენში ერთადერთი კანდიდატი - #30 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე დახვდება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ"  წარადგინა.

გიორგაძეს კონკურენტი არ ჰყავს, ვინაიდან თავისი კანდიდატი გამარჯვებულ ოლქში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და არც სხვა რომელიმე პარტიას არ წარუდგენია.

ავტოქარხანაში სულ 11 საარჩევნო უბანი და ერთი სპეცუბანი ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიხსნა.
ოლქში ჯამში 26 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ქუთაისის საკრებულოში ავტოქარხნის მაჟორიტარის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც “ნაციონალური მოძრაობიდან” გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე ემიგრაციაში წავიდა.

დღეს, 29 აპრილს, ამომრჩევლები ასევე საქართველოს პარლამენტის ფოთი – სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს აირჩევენ.

შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის ჯამში 164 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი არჩევნებია, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით იყენებს.
Print