ახალი ამბები
29 აპრილს ქუთაისში ავტოქარხნის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ
FaceBook
29 აპრილს, ქუთაისში შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან, სადაც საკრებულოს (ავტოქარხნის) მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.
ქალაქიდან ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი მიხეილ გიორგაძეა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

ქუთაისის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის განმარტებით, ამომრჩეველთა მიღება 29 აპრილს 08:00 საათზე დაიწყება. მანამდე საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებისთვის საარჩევნო რეფორმებსა და საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ტრენინგები მიმდინარეობს (11-24 აპრილი), რომელიც თეორიულთან ერთად პრაქტიკულ სწავლებას ითვალისწინებს.

ლალიაშვილის თქმით, ტრენინგებზე განსაკუთრებული აქცენტი არჩევნებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე კეთდება, რათა მაღალპროფესიულ დონეზე შეძლონ ამომრჩევლების მომსახურება.

„ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს. ეს ნიშნავს შემცირებულ რიგებს, კენჭისყრისთვის განმარტივებულ პროცედურებს, წინასწარი შედეგების ძალიან სწრაფად გასაჯაროვებას, რაც თავის მხრივ, პროცესს გამჭვირვალეს და სანდოს ხდის. ამომრჩევლის ხმა მაქსიმალურად იქნება დაცული“,- განმარტავს ლარინა ლალიაშვილი.

ქუთაისის საკრებულოში ავტოქარხნის მაჟორიტარის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე ემიგრაციაში წავიდა.

მას „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატის უფლებამოსილება გასული წლის 28 დეკემბერს შეუწყვიტა. ამ პოსტზე კი თავის კანდიდატად ქუთაისის №30 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე დაასახელა.

საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები 29 აპრილს გაიმართება.

ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის ფოთი – სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს აირჩევენ.

შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის 164 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

Print