ახალი ამბები
საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის
FaceBook
საქსტატის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის.

ამავე კვლევის მიხედვით, სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% არ დადის საბავშვო ბაღში. მათგან, 22% არ დადის მშობლის არჩევანის საფუძველზე, ხოლო 6% ვერ დადის ბარიერების გამო. ყველაზე გავრცელებული ბარიერებია ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი დაწესებულებების არარსებობა და ბავშვის მომლოდინეთა სიაში მოთავსება.

2021-2022 სასწავლო წელს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 98% ესწრებოდა სკოლას, უნივერსიტეტს ან/და პროფესიულ განათლებას, ხოლო ბავშვების 2 პროცენტამდე განათლების სისტემის მიღმა იყო დარჩენილი.

კერძო მასწავლებლების მომსახურებას იყენებს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 19% და ამდენივეს სურს, მაგრამ ვერ ახერხებს ისარგებლოს აღნიშნული სერვისით ფინანსების ნაკლებობის გამო, რომელიც აღნიშნულია შემთხვევების 87 პროცენტში.

UNICEF აღნიშნავს, რომ საგანმანათლებლო მასალების ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა. ბავშვების 45%-ს არ აქვს ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც, რომელიც ისურვეს, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ. საგანმანათლებლო ნივთები, რომლებიც ბავშვებს ყველაზე ხშირად აკლიათ არის ლეპტოპები/კომპიუტერები (29%), შემდეგ მოდის სახატავი მასალები, წიგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები.

ბავშვების 12%-მა ვერ მიიღო საჭირო სამედიცინო მკურნალობა (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა ვერ მიიღო საჭირო მედიკამენტები. ორივე შემთხვევაში ძირითადი ბარიერები ფინანსური იყო.

კვლევის მიხედვით, სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. საკვების მიღების ბარიერები უფრო მეტადაა გავრცელებული მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის (45%), ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28%). სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერია საკვები ობიექტის არარსებობა სკოლის სიახლოვეს (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36 პროცენტში). ფინანსური ბარიერები ასევე დასახელებულია მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც საერთოდ არ იკვებებიან სასკოლო საათებში.

კვლევის თანახმად, ბავშვების 62%-ის მშობლებმა/ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ იყენებენ ბავშვების აღზრდის მხოლოდ არაძალადობრივ მეთოდებს. ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება დაფიქსირდა ბავშვების 29%-ის შემთხვევაში, ხოლო ბავშვების 5% დაექვემდებარა ფიზიკურ დასჯას, როგორიცაა ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა. სასტიკი ფიზიკური დასჯა, მაგალითად - მთელი ძალით ცემა, შეეხო ბავშვების ერთ პროცენტზე ნაკლებს.

კვლევა 2022 წლის ივლის-სექტემბერში ჩატარდა. მთავარი მიზანი იყო საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის მრავალი განზომილების შესახებ მონაცემების შეგროვება.

გამოკითხვა 1279 რესპონდენტთან ინტერვიუს მოიცავდა, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარ ოჯახში მცხოვრები ბავშვების (სულ 2438 ბავშვის) შესახებ.

კვლევის ინსტრუმენტის შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ „გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ოფისი“ Innocenti და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ საქართველოს ოფისი.

კვლევა სრულად ხელმისაწვდომია ამ ბმულზე: https://uni.cf/3mEQ8Al

Print