ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ირინე ლომინაძე დაინიშნა
FaceBook
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, მომდევნო 4 წლის ვადით, მუსიკოსი, ქორმაისტერი ირინე ლომინაძე დაინიშნა.

"პროფესიული თეატრების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი ამ პოზიციას მიმდინარე წლის 4 ივნისიდან დაიკავებს. შესაბამისი ბრძანება დღეს, 18 აპრილს გამოიცა.

ირინე ლომინაძე 2015 წლიდან ამ დრომდე ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.

2013-2014 წლებში კი გახლდათ თეატრის მთავარი ქორმაისტერი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში საგუნდო განყოფილების პედაგოგად, საგუნდო განყოფილების ციკლობრივი მეთოდკომისიის თავმჯდომარედ და გამგედ. წლების განმავლობაში იყო ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კამერული გუნდის დირიჟორი, მიმდინარე წლიდან კი ქუთაისის კამერული გუნდის დირიჟორია.

როგორც კულტურის სამინისტროში აზუსტებენ, რომ  ირინე ლომინაძე ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მომდევნო 4 წლის ვადით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში დანიშნა.
Print