ახალი ამბები
ქუთაისში კულტურული და ისტორიული ობიექტების რეაბილიტაცია იგეგმება
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ქალაქებისა და კურორტების განვითარების მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას იწყებს.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, პროგრამის ფარგლებში კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ბორჯომში, ბაკურიანში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში,
სტეფანწმინდაში, მესტიასა და ყაზბეგში ჩაუტარდება. 

„ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას - ესაა ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა, რომელიც იქნება 5-წლიანი და ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი. ჩვენ ამ მიზნით გვაქვს უკვე გამოყოფილი წელს 200 მილიონი ლარი. შერჩეული გვაქვს 11 მდებარეობა, ლოკაცია  - ეს არის ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. სამუშაოებს დავიწყებთ ძალიან მალე. ამის თაობაზე უფრო მოგვიანებით მოგახსენებთ დეტალურად, შემუშავდება კონცეფციები, მუნიციპალური განვითარების ფონდი დაიწყებს მუშაობას აქტიურად ამ პროგრამის განხორციელებაზე, შევარჩევთ საუკეთესო არქიტექტორებს, მშენებლებს. ჩაუტარდება შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.

ასევე, ახალი და არსებული რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, განახლდება, ისევე როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და ახალი ტურისტული ატრაქციები შეიქმნება. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენი ქვეყანა ეტაპობრივად გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ის უნდა იყოს კარგად მოვლილი, განვითარებული, ლამაზი სახელმწიფო, ქალაქები, რაიონები, სოფლები. აი, ეს არის ჩვენი გეგმა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.





Print