ახალი ამბები
ქუთაისის მერია "გვირილობის" აღსანიშნავად ემზადება
FaceBook
ქუთაისის მერიამ ქალაქის მთავარი დღესასწაულის “გვირილობის“ აღსანიშნავად მზადება უკვე დაიწყო.

ადგილობრივი თვითმმართველობა ორმაისობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესყიდვას ერთ პირთან მოლაპარაკებით განახორციელებს.

როგორც გამარტივებულ შესყიდვაშია [SMP230001091] აღნიშნული, 2-3 მაისს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზების ფარგლებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

,,გიმნაზიელი“ გოგონების ფორმები, გვირილები, გვირგვინები
საინფორმაციო და სარეკლამო პროდუქცია
იმერული ფოტოზონის მოწყობა, ფოტოგამოფენა
საგამოფენო სივრცის მოწყობა წიგნების გამოფენისთვის
ცენტრალური ბულვარის გაფორმება სხვადასხვა დეკორაციებით
საერთაშორისო ტურისტული ბაზრობის ორგანიზება (შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა - საგამოფენო დახლები, ტენტები და ქოლგები, მონტაჟი-დემონტაჟი)
გალაკონცერტის წამყვანების მომსახურება
გალა - კონცერტის ორგანიზებისათვის სცენა, მხატვრული განათება, გარე გამოყენების LED ეკრანი, გახმოვანების აპარატურა, ტექნიკური პერსონალი, მონტაჟი-დემონტაჟი.
საბავშვო გასართობი აქტივობების ორგანიზება (ანიმაციური გმირები, ანიმატორები, სახეზე მოხატვა, ილუზიონისტების შოუ, სახატავი და საძერწი კუთხე, კარიკატურისტები).

აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზებისთვის მერია ჯამში 99 500 ლარს გადაიხდის.

ასევე ერთ პირთან მოლაპარაკებით შეისყიდის ადგილობრივი თვითმმართველობა გასართობ მომსახურებებსაც. კერძოდ, ვახტანგ (ვატო)კახიძის, თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრ „ბიგ-ბენდის“ და ბესო გრძელიშვილის მომსახურების შესყიდვა [SMP230001102] ქუთაისის მერიას 72 080 ლარი დაუჯდება.

ორმაისობა ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც ქალაქში 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა.


Print