ახალი ამბები
"გემო ფესტი" - ქუთაისში გასტრონომიული ფესტივალისთვის მზადება დაიწყო
FaceBook
"გემო ფესტი" - 17 და 18 ივნისს ქუთაისში იმერული სამზარეულოს გამოფენა გაიმართება.

გამოფენაზე იმერეთის მაცხოვრებლები, ჯადოსნურხელებიანი მზარეულები ტრადიციული იმერული კერძების საკუთარ ვარიაციებს შემოგვთავაზებენ, ან უბრალოდ გაგვახსენებენ ისეთ ძველ კერძებს, რომლებიც მხოლოდ მათ ახსოვთ.

შესაბამისი სამზადისი უკვე დაიწყო - ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე უკვე შეუძლიათ.

"არ გაუშვათ შესაძლებლობა მთელს საქართველოს გააცნოთ თქვენი ჯადოქრობები. ქუთაისში ხომ მართლაც მთელი საქართველო მოიყრის თავს გემო ფესტზე",- აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში. 

გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ახალი პროექტი წამოიწყო. იდეა რეგიონებში გასტრონომიული ფესტივალების „გემო ფესტის“ ჩატარებას გულისხმობს. პირველი „გემო ფესტი“ რაჭაში, ამბროლაურში გაიმართა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყონ რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაციას, ახალი გემოებისა და კერძების აღმოჩენას, გასტრონომიული მიმართულებით ახალი სერვისების და პროდუქტების გაჩენას. ამასთან, პროექტის ავტორები ამბობენ, რომ გასტრონომიული მიმართულების განვითარება და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობა მოგზაურებისთვის დამატებითი მამოტივირებელი ფაქტორი გახდება და რეგიონებში შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადები გაიზრდება.
Print
თეგები: #გემო ფესტი