ახალი ამბები
მკვლელობა ბაღდათში - დაკავებულია ერთი ადამიანი
FaceBook
მკვლელობა ბაღდათის მუნიციპალიტეტში - 60 წლის მამაკაცმა სანადირო იარაღით ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სროლას წინ უძღვოდა ფინანსური დავის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ. დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფინანსური დავის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ს. გ.-ს, ხოლო 2002 წელს დაბადებული გ.მ. დაჭრა“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

Print