ახალი ამბები
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი ფაქტი იმერეთში გამოვლინდა
FaceBook
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 125 ფაქტი გამოავლინეს.

მათგან 7 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 46 ფაქტი იმერეთში გამოვლინდა. შემდეგ მოდის მცხეთა-მთიანეთი 20 სამართალდარღვევით, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 14-ით, შიდა ქართლი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 11, ქვემო ქართლი - 9, კახეთი - 5, თბილისი - 4 ფაქტი.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 159 კგ-ს გადააჭარბა.

„ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერებები და სხვა.

უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ზღვიდან და ჟინვალის წყალსაცავიდან ამოღებული უკანონოდ ჩაგებული, ე.წ. სახლართი ბადეები. მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 850-მდე, ე.წ., ოჩხი (საბურავი), რომელიც გამოიყენება უკანონო თევზჭერისათვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრევენციული ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.

Print