გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები
"ჭიაკოკონობის ღამეს" კონტროლს გაამკაცრებენ და თითოეულ
სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
უწყების ინფორმაციით, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების -
ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია
წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო
საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული
მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის
ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი
- „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს, ცეცხლის დასანთებად,
მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განმარტავენ,
აღნიშნული ნარჩენების დაწვისას გარემოსა და ადამიანთა
ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და
აირები გამოიყოფა. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი
ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ
რიტუალში.
დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის
კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის,
საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა
აკრძალულია.
მასალის გამოყენების პირობები