ახალი ამბები
"დაგვიბრუნეთ კინოთეატრი ქუთაისში"- ქალაქში ხელმოწერები გროვდება
FaceBook
ქუთაისს, უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქალაქს, სადაც კინოთეატრები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ფუნქციონირებდა, დღეს კინო აღარ აქვს.

„კინო საქართველო“, რომელიც ქუთაისელებს თითქმის 20-წლიანი ლოდინის შემდეგ გაუხსნეს, გასული წლის სექტემბრიდან აღარ ფუნქციონირებს.

კინოთეატრის დახურვიდან რამდენიმე თვეში სოციალურ ქსელში პეტიცია გამოჩნდა, რომლის ავტორიც ადგილობრივი ანტონ სინატაშვილია.

იგი კინოთეატრის დაბრუნების მიზნით ხელმოწერებს აგროვებს და ქალაქში კინოთეატრების ქსელ „Cavea Cinemas“-ს შემოსვლას ითხოვს.

"ძალიან გთხოვთ, იქნებ კინო გახსნათ და ქუთაისელებს საშუალება მოგვცეთ მშობლიურ ქალაქში კინოს ვუყუროთ, მით უმეტეს ახლა როცა საავტორი უფლებები მკაცრად არის დაცული და ბევრს აღარ აქვს წვდომა ონლაინ საიტებზე, სადაც ადრე ფილმებს უყურებდნენ. შესაბამისად, მოთხოვნა ხარისხიან კინოზე ჩვენს ქალაქში უფრო გაიზარდა. აღნიშნულ პირობებში, შესაბამისი დაგეგმვის შემთხვევაში ყველაფერთან ერთად კინოთეატრი შესაძლებელია მოგების წყაროც გახდეს, მთავარია ჩვენებების სწორი დაგეგმვა", - წერია პეტიციაში. 

ანტონ სინატაშვილი ამბობს, რომ პეტიციაზე  5 000 ხელმოწერა აქვს მითითებული. 

" იმედია შეგროვდება. ამის შემდეგ „კავეას“ ხელმძღვანელობას დავუკავშირდები, ვაჩვენებ ამ პეტიციას და იმედია გვეღირსება ჩვენთან კინოთეატრის გახსნა. ბათუმშიც არის გახსნილი, მხოლოდ თბილისში „კავეას“ 10 კინოთეატრია, ამიტომ ქუთაისშიც უნდა იყოს, ჩემი აზრით“,- განმარტავს სინატაშვილი.

„კინო საქართველო" ქუთაისში 2018 წლის 16 თებერვალს გაიხსნა. 

ვისაც გსურთ ქალაქში კინოთეატრის დაბრუნება, ხელის მოსაწერად გადადით აქ.
Print