ახალი ამბები
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა
FaceBook
რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა სპეციალური რეჟიმის პირობებში დაუშვეს.

აღნიშნული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე და სპეციალისტების რეკომენდაციით მოხდა.

თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი.

შესაბამისად, დღეს, 8 აპრილს, 07:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე შემდეგი რეჟიმით აღდგა.

„07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის.

21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.

ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

მსუბუქ და სამგზავრო ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს“,- აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, კვლევითი სამუშაოები მეწყრულ უბანზე გრძელდება. დაწყებულია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების დამუშავების პროცესი. პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობა.

Print