ახალი ამბები
საქსტატის მარტის მონაცემებით, წლიურად ბოსტნეული და პური გაძვირდა
FaceBook
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ 5.3% შეადგინა.

როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები 11.8%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.91 პროცენტული პუნქტით აისახა.

ყველაზე მეტად, 28.8%-ით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 16.8%-ით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, ყველი და კვერცხი 13.6%-ით გაძვირდა, თევზეული – 10.9%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები კი – 10.4%-ით. 10.1%-ით გაძვირდა მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები. 8.7%-ით - ყავა, ჩაი და კაკაო, 2.7%-ით შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული. ამასთან, ფასები -2.4%-ით შემცირებულია ხილსა და ყურძენზე.

საქსტატის მიხედვით, ჯგუფში: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ფასების 11.1 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა, რაც 1.15 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (35.1%) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთებაზე (5.8%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 8%-ით შემცირდა, რაც -1.0 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-15.0%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.2%). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზეც (13.9%);

Print
თეგები: #საქსტატი