ახალი ამბები
"ქუთაისის სოციალური საცხოვრისი სათანადო საცხოვრებლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს"- სახალხო დამცველი
FaceBook
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში იმყოფებოდა.
მან შენობა დაათვალიერა და საცხოვრებელში განთავსებულ ბენეფიციარებს გაესაუბრა.

"სათანადო საცხოვრებლის უფლება მხოლოდ ჭერის ქონას, ანუ თავშესაფრით უზრუნველყოფას არ ნიშნავს. სათანადო საცხოვრებლის უფლება გულისხმობს უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლებასა და შშმ პირთათვის და ბავშვებისთვის სერვისებით სრული მისაწვდომობის უზრუნველყოფას. ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ამ ეტაპზე სათანადო საცხოვრებლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს“, -
აღნიშნულია სახალხლო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე 80 ოჯახზე გათვლილ სოციალურ საცხოვრისში ახლა ბენეფიციარების ნაწილი ცხოვრობს. ისინი მერიამ დროებით სასტუმროში გადაიყვანა, ვინაიდან მიმდინარე წლის 29 იანვარს ხუთსართულიანი შენობის ორ სართულზე ჭერი ჩამოიგრა. ამ ფაქტის შემდეგ მერიაში განმარტეს, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად საკითხის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებზე მუშაობენ.

ქალაქში სოციალური საცხოვრისი 2018 წელს მოეწყო. ობიექტში, რომლის მშენებლობისთვის 4 მილიონი დაიხარჯა, ადამიანების შესახლებიდან რამდენიმე კვირაში ჭერი ჩამოინგრა. იმ დროიდან მოყოლებული, შენობაში სისტემატიურად ხან ჭერი ჩამოინგრა და ხანაც კედელი დაიბზარა.

მობინადრეების "დასამშვიდებლად" და ობიექტის მდგრადობის დასაზუსტებლად ექსპერტიზაც ჩატარდა, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ შენობა ნამდვილად ხარვეზებით იყო აშენებული. მაშინ საქმე მხოლოდ იმით დასრულდა, რომ ამ დასკვნას მერიის იმდროინდელი ადმინისტრაცია არ დაეთანხმა და დოკუმენტაცია შესაბამის ორგანოებს გადაეცათ.

დაბზარულკედლებიან ობიექტში მობინადრეები დღემდე აგრძელებენ ცხოვრებას, ეს მაშინ, როცა ქუთაისის მერიას 3 თვეა გამოკეტილი აქვს ახლადაშენებული კიდევ ერთი საცხოვრისი გუგუნავას ქუჩაზე.

მერიაში, სადაც (2018 წლიდან დღემდე) 500-მდე თავშესაფრის მაძიებელის განცხადება უდევთ, ჯერ კიდევ არ იციან, რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიონ ახლადმოწყობილ, 42 ოჯახზე გათვლილ საცხოვრისში ადამიანები.


Print