ახალი ამბები
პიროტექნიკის აკრძალვის მიზნით პარლამენტში კანონპროექტი დააინიცირეს
FaceBook
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და არმაზ ახვლედიანმა პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ პარლამენტში კანონპროექტი დააინიცირეს.
მათი განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის, გამოყენების აკრძალვას, გარდა F1 კატეგორიის პიროტექნიკისა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი, ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში, ხოლო სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად, განსაკუთრებულ შემთხვევებში.

„დღეს ადამიანები პიროტექნიკას უკონტროლოდ, გართობის მიზნით იყენებენ, რასაც ხშირად შედეგად მათი ან გარშემომყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დაზიანება მოსდევს. ზიანდება გარემო, მასობრივად იხოცება და სხვაგვარი ზიანი ადგებათ ფრინველებსა და ცხოველებს. უმნიშვნელოვანესი პრობლემაა პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული ხმაურიც.

კანონპროექტის მიღების შემდეგ, პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან შესაბამისად - 1000 და 5000 ლარით. პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პიროტენიკის ამკრძალავი რეგულაციების საფუძველზე, ისჯება სისხლის სამართლის წესით“,- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 2023 წლის იანვარში ცენტრს დახმარებისთვის პიროტექნიკის გამოყენებით დაზარალებულმა 87-მა მოქალაქემ მიმართა, აქედან 18 წლამდე ასაკის 19 პირი იყო, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა 41 შემთხვევაში.





Print