ახალი ამბები
სათაფლიის მღვიმის ტურისტულ ობიექტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook
დაცული ტერიტორიების სააგენტო სათაფლიის მღვიმის ტურისტული ობიექტის რეაბილიტაციას გეგმავს და ამ მიზნით 425 742 ლარის ღირებულების ტენდერს [NAT230005284] აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციის  მიხედვით, აღნიშნული პროექტი ობიექტის მასშტაბურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს. კერძოდ:

ობიექტის შესასვლელთან არსებული პარკირების სივრციდან ობიექტზე არსებულ მთლიან ტურისტულ მარშუტზე უნდა მოეწყოს განათებისა (არსებული 67 ერთეული ლამპიონის განახლება და ახალი 85 ერთეულის მოწყობა) და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები;  ობიექტის პერიმეტრზე აკაციის ძელებითა და ეკლიანი მავთულით უნდა მოეწყოს დაახლოების 3 000 მეტრი სიგრძის ღობე; და  ე.წ. მუზეუმის შენობაში უნდა მოხდეს ბეჭდური იატაკის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი, ასევე უნდა გადაკეთდეს არსებული ვიტრაჯები და უნდა გახდეს გაღებადი (6 ერთეული);

ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად კი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელია განსაზღვრული.

დაინტერესებული კომპანიებისთვის წინადადების მიღება ხვალ, 25 მარტს იწყება და 30-ში სრულდება.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის სამოქმედო არეალში არსებული სათაფლიის მღვიმე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მონახულებად ობიექტს წარმოადგენს. იგი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნობითა და განსხვავებული კონცეფციით. ობიექტზე განთავსებულია რამოდენიმე შენობა-ნაგებობა, სხვადასხვა სახის ბილიკები და მღვიმე.

ფოტო: Georgian Travel Guide

Print