ახალი ამბები
ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ოქროს ჩარდახის რესტავრაცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარემონტო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ივერთმშენი" 955 555 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს დემონტაჟი (ნალესობების ჩამოფხეკა), დაახლოებით ერთ კვირაში დავასრულებთ და ამის შემდეგ დაიწყება სამონტაჟო სამუშაოები",  - განმარტავენ ადგილზე მყოფი მუშები.  



მერიასა და კომპანიას შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 22 თებერვალს არის გაფორმებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კეთილმოწყობის სამუშაოები წლის ბოლომდე (30 დეკემბრის ჩათვლით) უნდა განხორციელდეს.

პროექტის მიხედვით, რომელიც შპს „მნ-პროექტმა“ მოამზადა, სახლის ისტორიული იერსახე მაქსიმალურად შენარჩუნდება. ობიექტის რეაბილიტაციასთან ერთად, გათვალისწინებულია ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობაც. ქალაქის მერის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, მის მიმდებარედ ე.წ ფრიმარკეტის განთავსებაც იგეგმება, "რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესს თავისი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა-დასაქმებაში".

ასეთი უნდა იყოს განახლებული ოქროს ჩარდახი:




იმერეთის მეფეთა სასახლის რეაბილიტაციისთვის მერიამ ელექტრონული ტენდერი [NAT220027710] 2022 წლის დეკემბერში გამოაცხადა, პროექტის შედგენაზე კი დაახლოებით ერთი წლის წინ. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ოთხ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო: კვლევითი სამუშაოების ჩატარება, რეაბილიტაციის პროექტის მომზადება, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტის ზედამხედველობა.

Print