ახალი ამბები
80 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა - რას ითხოვენ წერეთლის სტუდენტები
FaceBook
ინდოელ სტუდენტებს, რომლებიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვთ.

საუბარია 80 ახალგაზრდაზე, რომლებიც ამბობენ, რომ უნივერსიტეტთან შუამავალ კომპანია „გლობალ ედიუქეიშენ ინსტიტუტს“, რომლის დახმარებითაც აწსუ-ში მოხვდნენ, სწავლის გადასახადი უკვე ჩაურიცხეს.

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სწორედ ამ კომპანიიდან მიდიოდა უნივერსიტეტამდე სწავლის საფასური, ახლა კი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე თანხა არ ასახულა.

ამიტომ სტუდენტები „გლობალ ედიუქეიშენ ინსტიტუტს“ თაღლითობაში ადანაშაულებენ, უნივერსიტეტს კი სწავლის გაგრძელების უფლებას სთხოვენ.

„სწავლის საფასური ჩარიცხული გვაქვს, ამის დამადასტურებელი ქვითარიც გაგვაჩნია, თუმცა მაინც შეჩერებული გვაქვს სტატუსი. უნივერსიტეტში გვეუბნებიან, რომ ჩვენი გადასახადი მათ არ მიუღიათ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს კომპანია თაღლითობს. გვინდა სწავლის გაგარძელების უფლება მოგვეცეს“, - ამბობს ერთ-ერთი ინდოელი სტუდენტი ნიდი ატრი. 

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის განმარტებით, „გლობალ ედიუქეიშენ ინსტიტუტს“ მათთან 500 000 ლარზე მეტი დავალიანება აქვს. შალვა კირთაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უნივერსიტეტი თითოეული სტუდენტის უფლებების დასაცავად მაქსიმუმს აკეთებს. 

„ამ კომპანიასთან ჩვენ 4-5 წელია შეჩერებული გვაქვს ხელშეკრულება, მხოლოდ ამ ბავშვებთან არის მოქმედებაში, რადგან მხოლოდ ეს ერთი, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები დარჩნენ მათი  მხრიდან  ჩვენთან. როგორც ბავშვები ამბობენ და დოკუმენტებიც აქვთ ხელში, ჩარიცხული აქვთ თანხა კომპანიასთან. სტუდენტები მართლები არიან, ამ შემთხვევაში ეს კომპანია არ იქცევა სწორად და ილახავს იმიჯს. მე ნამდვილად შევდივარ თითოეული ამ სტუდენტის მდგომარეობაში და ვიბრძი როგორც რექტორი და პიროვნება, რომ მათი და თავისთავად უნივერსიტეტის უფლებები ბოლომდე იქნას დაცული. მაქსიმუმს ვაკეთებთ... კბილებით მინდა დავიცვა ნებისმიერი სტუდენტის უფლებები, მათ შორის ინდოელების, პირველ რიგში, რადგან მათ აქ ოჯახიც კი არ ჰყავთ.

ახლა მიდის ამ კომპანიასთან მოლაპარაკება, რომ საბოლოოდ ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერონ ხელი, სადაც ისინი აღიარებენ ამ დავალიანებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა გარანტია გვაქვს რომ ნახევარ მილიონზე მეტ თანხას ჩამოგვირიცხავს „გლობალ ედიუქეიშენ ინსტიტუტი?", - ამბობს შალვა კირთაძე.

მისივე თქმით, საკითხი უახლოესს დღეებში უნდა გადაწყდეს, რის შემდეგადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გააგრძელონ სწავლა. 

Print