ახალი ამბები
რა შეთანხმება დაიდო საირმეში გაფიცულებსა და კომპანიას შორის
FaceBook
„საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები, 36-დღიანი გაფიცვის შემდეგ, სამუშაო პროცესს  დღეს უნდა დაუბრუნდნენ. 

თითქმის თვე-ნახევრიანი პროტესტის შედეგად, ქარხანაში დასაქმებულებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა.

საირმეში გაფიცულების ინტერესებს აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორი“ იცავდა, სადაც აცხადებენ, რომ შეთანხმებას გარკვეული სახით ორმხრივი დათმობები უძღვოდა წინ.

საბოლოოდ, მოლაპარაკებების შედეგად მოხდა:

• ხელფასის ზრდა 22,5 %-ით

• ხელფასის ზრდა 34%-ით ღამის საათებში მუშაობის შემთხვევაში;

• ცვლის უფროსის დანამატი განისაზღვრა 150 არის ოდენობით;

• დამლაგებლის ხელფასის ზრდა 30%-ით და ასევე კადრის დამატება;

• მეწარმე სუბიექტის (მძღოლი) მომსახურების ანაზღაურების ზრდა 22,5 %-ით;

• ზეგანაკვეთური შრომის და უქმე დღეების მუშაობის ანაზღაურების განსაზღვრა დამატებით 25%-ით;

• გაფიცვის დღეების ანაზღაურება 800 ლარის ოდენობით;

• ხელფასის ყოველწლიური ინდექსაცია;

• გაუქმდება, თანამშრომლებზე 2023 წლის 1 თებერვალს გაცემული წერილობითი გაფრთხილებები;

• დასაქმებულ ოპერატორებს მოეხსნათ ვალდებულება ასწავლოს ახალ ოპერატორს ოპერატორის ფუნქცია-მოვალეობები;

• კოლექტიური შეთანხმება 2024 წლამდე

„ცვლილებები დაიწყო, ჩვენ ვადევნებთ თვალს პროცესებს. ვიმედოვნებთ, რომ საწარმოს მოწესრიგება-განვითარებისათვის ძვრები დაიწყება დროის მოკლე მონაკვეთში და ძალიან მალე, ფურცელზე დატანილ ხელმოწერებით განმტკიცებულ შეთანხმების პრაქტიკულ ნაწილს ვიხილავთ.

ვიმედოვნებთ, რომ საირმე გახდება კარგი დამსაქმებელი და სამომავლოდ პრეტენზია ექნება, იყოს წამყვანი ბრენდი საერთაშორისო მასშტაბით“,- აცხადებენ „ლაბორში“.

საირმის ქარხნის თანამშრომლები ღირსეული სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით 13 თებერვლიდან გაიფიცნენ.


ამავე თემაზე: 

შეთანხმება მიღწეულია - საირმეში გაფიცვა დასრულდა

Print