ახალი ამბები
მდინარე რიონზე მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზების კვლევა მიმდინარეობს
FaceBook
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის შემადგენელი მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზების დასადგენად, სამხარაულის ექპერტიზის ეროვნულმა ბიურომ კომპლექსური შესწავლა დაიწყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოცემულ ეტაპზე შესაძლებელი უკვე გახდა აკვალანგებით ხიდის ვიზუალური დათვალიერება, მისი კონსტრუქციული ნაწილის სკანირება და ბათიმეტრიული კვლევის ჩატარება (წყლის სიღრმისა და ფსკერის, ხიდის კონსტრუქციისა და ფუძე-საძირკვლების შესწავლა და ბურღვითი სამუშაოები).

„ხიდის დაზიანების მიზეზების დასადგენად, პირველადი კვლევის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და გაგრძელდება აქტიურად. ჩატარდება სხვადასხვა ხასიათის კვლევა და გამოცდა, რომელთა ანალიზის საფუძველზე, დადგინდება ხიდის დაზიანების კონკრეტული მიზეზები.

საბოლოო დასკვნის შედგენის შემდეგ, განისაზღვრება ხიდის აღდგენისა და სამუშაოების გაგრძელებისათვის აუცილებელი ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოების მიერ კი, გაკეთდება შემთხვევის სამართლებრივი შეფასება“,- აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

მდინარე რიონზე საავტომობილო ხიდი, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში შენდება. ხიდის ერთ-ერთი ბურჯი, 2023 წლის 21 თებერვალს დაზიანდა, რამაც ხიდის ორი მალის ნაშენის ჩაწოლა გამოიწვია.

სამტრედია-გრიგოლეთის 11.5 კმ-იანი მონაკვეთი გვერდს უვლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს).

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარით ფინანსდება.


ამავე თემაზე:


სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე მშენებარე ხიდი დაზიანდა

„დაწყებულია მიზეზების შესწავლა“ - ინფრასტრუქტურის მინისტრი მშენებარე ხიდის დაზიანებაზე

სტიქია თუ ხარისხის პრობლემა - რას ამბობს მინისტრი დაზიანებულ მშენებარე ხიდზე


Print