ახალი ამბები
ქრთამი მართვის მოწმობისთვის - ქუთაისში, ერთი პირი დააკავეს
FaceBook
ქუთაისში, ქრთამის მიცემის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, 17 მარტს, ბრალდებულმა, ქუთაისში მდებარე საქართველოს შსს-ს სსიპ "მომსახურების სააგენტოში", მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, ამავე სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამის სახით თანხა გადასცა.

სააგენტოს თანამშრომელმა, აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.

შსს-ს თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელისთვის ქრთამის მიცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


Print