ახალი ამბები
"შედგა გარკვეული სახის შეთანხმება" - საირმეში გაფიცულებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები დაიწყო
FaceBook
"საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლების გაფიცვის 33-ე დღეს, მათ კომპანიის მფლობელის წარმომადგენლები შეხვდნენ და მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაჰპირდნენ.

პროფკავშირ „ლაბორის“ ხელმძღვანელის გიორგი დიასამიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე ზეპირსიტყვიერი შეთანხმება მოხდა, თუმცა მისივე თქმით, მოლაპარაკებების სრულად დასრულებამდე და შეთანხმების ხელმოწერამდე გაფიცვა კვლავ გაგრძელდება.

„გაფიცვის 33-ე დღეს, კომპანიის დამფუძნებელთაგან მოვიდნენ წარმომადგენლები, შედგა გარკვეული სახის შეთანხმება, რომ ორშაბათამდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ურთიერთშეთანხმებით. აცხადებენ, რომ უდიდეს ნაწილს სამართლიანი მოთხოვნებისას შეასრულებენ. ასევე ბოდიში მოუხადეს და მადლობა გადაუხადეს დასაქმებულებს იმისათვის, რომ ამ პერიოდში (ცივი ზამთარი, თოვლი) უწევდათ ეს პროტესტი და გაფიცვა, მათ არ იცოდნენ სიმართლე და ახლა გაიგეს.

პროცესი გრძელდება და გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება შეთანხმება, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ საწარმომაც იფუნქციონიროს, ხალხიც იყოს დასაქმებული და არა მხოლოდ ის რაოდენობა, რაც არის, არამედ უფრო მეტის დასაქმებაა შესაძლებელი. ჩემი აზრით, პროცესები დაიწყო და ახლა მთავარია, როგორ დასრულდება“,- ამბობს გიორგი დიასამიძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ლაბორის“ ინფორმაციით, კომპანიიდან მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი ის სამი ადამიანი გაათავისუფლეს, რომელთა გაშვებასაც დასაქმებულები გაფიცვის პირველი დღეებიდან ითხოვდნენ და „რომლებმაც დააზიანეს როგორც გაფიცულები, ასევე კომპანია“.

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები 13 თებერვალს გაიფიცნენ. ისინი უკვე 34-ე დღეა უსაფრთხო შრომის პირობებსა და ხელფასის 30%-ით მატებას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ საირმეში გაფიცვის საქმის შესწავლა სახალხო დამცველმაც დაიწყო.


ამავე თემაზე:


საირმეში გაფიცვის საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო

საირმეში გაფიცულები სახალხო დამცველის ადგილზე ჩასვლას ითხოვენ

საირმეში გაფიცულთა მხარდასაჭერად, თბილისში, აქცია დაიგეგმა

გაფიცვის მე-15 დღე საირმეში - დასაქმებულები ხელისუფლებას მედიაციის პროცესში ჩართვას სთხოვენ

"ხმას ამოიღებ და წადი სახლშიო" - გაფიცვის მეცხრე დღე საირმეში

"იკეტება ყველაფერი" - საირმეში გაფიცულთა მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა

"საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლები გაიფიცნენ



Print