ახალი ამბები
რა ქონებას ფლობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შენგელიას დეკლარაცია ბოლოს მიმდინარე წლის დასაწყისში აქვს შევსებული.
31 იანვარს ჩაბარებული დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატის ოჯახის სახელზე ხუთი უძრავი ქონებაა რეგისტრირებული: ბინები, სახლი და მიწის ნაკვეთები.

კერძოდ, ირაკლი შენგელიას 2022 წელს ბინა აქვს შეძენილი ბათუმში. ასევე ფლობს წყალტუბოს სოფელ პატრიკეთში მიწის ნაკვეთს (50%).

მისი მამის, რევაზ შენგელიას სახელზეა მიწის ნაკვეთები ვანში, სოფელ დიხაშხოში (მემკვიდრეობით მიღებული) და საცხოვრებელი სახლი ქუთაისში 786 კვ.მ. ასევე მსუბუქი ავტომანქანა mazda CX5.

გარდა ამისა, დეპუტატის დედის ტასო კოდუას სახელზეა რეგისტრირებული ბინა თბილისში, ხოლო მეუღლის თამთა ლევიძის სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა mazda CX3, რომელიც 2021 წელს შეიძინა.

ირაკლი შენგელიას სახელფასო ანაზღაურება საკრებულოდან და კლინიკებიდან ერიცხება. კერძოდ, გასულ წელს, მან საკრებულოში ხელფასის სახით 53 049  ლარი აიღო. შპს "ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში", ექიმი რადიოლოგ-კონსულტანტის პოზიციაზე - 3 457 ლარი დაერიცხა, შპს ჯეო ჰოსპიტალსში - 6 592  ლარი; ევექსის ჰოსპიტლებში კი - 4 498 

დეკლარაციაში ჩანს, რომ ირაკლი შენგელიამ 2022 წელს ქველმოქმედებაში 5300 ლარი დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ შენგელია იმ მაღალჩინოსნებს შორის მოხვდა, რომელმაც აუდიტის 2022 წელს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, სოციალური დახმარების მიღებაზე უარი არ თქვა. მაშინ დეპუტატმა განმარტა, რომ თანამდებობის პირებზე გაცემული სოციალური დახმარება ბიუჯეტით, სოციალური უზრუნველყოფის მუხლით, იყო გათვალისწინებული.

ირაკლი შენგელია 2017- 2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. 2019 წლიდან საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, 2020 წელს კი - თავმჯდომარედ აირჩიეს.
ის 2018 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსაც ხელძღვანელობდა. დეპუტატი 2021 წლიდან ქალაქის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეა.


ამავე თემაზე:


Print