ახალი ამბები
ამბროლაურის სოფელ კვაცხუთში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ამბროლაურში, სოფელ კვაცხუთში ცოფის, ლაბორატორიულად დადასტურებული, შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნულის გამო, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის გადაწყვეტილებით, განკარგულება გამოიცა და ტერიტორიაზე საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კარანტინის პერიოდი შემთხვევის დადასტურებიდან განისაზღვრება და ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ მოქმედებს.

მათივე ცნობით, კარანტინი გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.

როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ამ დროისათვის ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„მოსახლეობას მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მითითებულ ნომერზე - 1501 ან მიმართოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულ სამმართველოს (მის: ამბროლაური, ბრატისლავა-რაჩის ქუჩა #17)“, - აღნიშნულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

Print