ახალი ამბები
ცენტრალურ მოედანზე მუზეუმის ყოფილი შენობის კედელს შლიან
FaceBook
ქუთაისში, მუზეუმის ნაცვლად, საგამოფენო სივრცის მოსაწყობად დარჩენილ ერთადერთ კედელსაც შლიან. 

სადემონტაჟო სამუშაოები ცენტრალურ მოედანზე დღეს დაიწყო.

საუბარია მუზეუმის ყოფილი შენობის დასავლეთ ფასადზე, რომელიც ამ სივრცისთვის უნდა გამოეყენებინათ. 




ობიექტის ამ წინა კედლის არამდგრადობა და ავარიულობა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომელიც "ქუთაისიპოსტმა" მოიპოვა. ამის შემდეგ მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათაქვამი იყო, რომ მოხდებოდა "არსებული ფასადის დემონტაჟი, დეკორატიული ელემენტების დასაწყობება და მარკირებული დეკორატიული ელემენტების გამოყენება მშენებლობაში".

გამოდის, რომ საგამოფენო სივრცის მოსაწყობად მერიას მე-19 საუკუნის შენობის დანგრევა მოუწია. თავდაპირველი პროექტის მიხედვით კი, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე, მუზეუმის ყოფილი შენობის სამივე კედლის გამოყენებით უნდა აშენებულიყო, ვინაიდან ობიექტის მთავარ არქიტექტურულ ღირებულებას სწორედ ეს ფასადები (დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის) წარმოადგენდა.

თუმცა, როგორც მაშინ მერიაში განმარტეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გაირკვა, რომ შენობა არ იძლეოდა სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლების შენარჩუნების საშუალებას, ამიტომ, ორივე კედელი დაშალეს. მესამე კედლის მდგრადობის შესწავლა კი, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით არქიტექტორი გამოვიდა, შემდეგ კი კედლის მცირე ნაწილიც ჩამოიშალა.

არქიტექტორი ვახტანგ დვალიშვილი, რომელიც მერიას არასწორი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ მიუთითებდა, ახლაც მიმართავს, სამუშაოები ქალაქგეგმარებითი ნორმების მოთხოვნების შესაბამისად წარიმართოს. 

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები ზაფხულში დაიწყო. კომპანია "ართვინ ჯორჯია" ტერიტორიაზე ღია ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობას 4 მილიონ 999 227 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.

ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, რომლის მიხედვითაც შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და მოხდება ახალ არქიტექტურასთან სინთეზი.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. 2013 წლამდე აქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.

წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.
Print