ახალი ამბები
ამ მეწყრული უბნის შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო - საგზაო დეპარტამენტი რიკოთზე ფერდის ჩამოშლაზე
FaceBook
რიკოთის ავტობანის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე მთის ფერდის ჩამოშლას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი ეხმიანება.
„სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს უბისა-შორაპანის მე-10 კმ-ზე. ამ მეწყრული უბნის შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო და შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტა არსებობს. უხვი ნალექის შედეგად სამწუხაროდ ფერდი ჩამოიშალა, რომელსაც უნდა ჩაუტარდეს შესაბამისად დატერასება, გამაგრებითი დაანკერება და გამაგრებითი სამუშაოები. ფერდის ჩამოშლამ დააზიანა ბეტონი, ეს ბეტონი გასუფთავდება ფერდი ჩამოიწმინდება და სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში პროექტის შესაბამისად გაგრძელდება და ეს ხელს არ შეუშლის სამშენებლო პროცესს“,- განმარტა გიორგი წერეთელმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყერულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება.

როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია.

მათივე ცნობით, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. რაც შეეხება მშენებელ კომპანიასთან ანგარიშსწორებას, ანაზღაურება მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ.


ამავე თემაზე:





Print