ახალი ამბები
უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ფერდის ზედაპირი ჩამოიშალა
FaceBook
რიკოთის ავტობანის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე, მთის ფერდი ჩამოიშალა, რამაც მშენებარე გვირაბთან გარე ბეტონის სექცია დააზიანა.

ფაქტის ამსახველი ფოტოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მეწყრული პროცესების გამო ჩამოშლილ ფერდთან დაკავშირებით.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყერულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება.

სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია.



სამშენებლო ობიექტი მიმდინარეა და ბუნებრივია, სამუშაოები დასრულებული არ არის. შესაბამისად, ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ“,- აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ამჟამად ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება.


Print