ახალი ამბები
"აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და არ არსებობდა მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძვლები"
FaceBook
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა რუსთაველის გამზირზე, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, 7-9 მარტს განვითარებული მოვლენები შეაფასა.

მისი განმარტებით, შსს-ს მხრიდან 7 მარტის საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადებების გაჟღერების დროისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები.

„აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები დაედო საფუძვლად სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით, გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც. მას შემდეგ რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამსხვრევა, პოლიციამ შესაბამისი რეაგირებები განახორციელა, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგარი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ.

შეკრებების მართვის მიზნით, სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული ღონისძიებების შედეგად, დაშავდნენ ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მყოფი მედიის წარმომადგენლებიც, გავრცელდა ინფორმაცია მათი საქმიანობის ხელშეშლის შესახებაც, მაშინ, როდესაც, აქციის მიმდინარეობისას, კანონმდებლობა მათ განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აქცევს.

ამავდროულად, სამართალდამცავები აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას. გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში, მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას, შესაბამისად, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისივე თქმით, 7-9 მატს აქციების მიმდინარეობის პარალელურად, მან და რწმუნებულებმა 96 დაკავებული პირი მოინახულეს.

„რწმუნებულები დაკავებულებთან შეხვედრის მიზნით ინტენსიურად მუშაობდნენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ამასთან, რამდენიმე დაკავებულმა პირმა აპარატს მომართა მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით. დაკავებულები მიუთითებდნენ დაკავების უხეშ ფორმებზე და რიგ შემთხვევაში, აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილითა და თანხმობით, სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ
საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა. მისი და მოწმის განმარტებით, შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით. აღენიშნება დაზიანებები თავისა და კისრის არეში, ასევე ხელის მტევნის არეში.

სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს აქციებზე დაკავებულ პირთა საქმეების შესწავლას, ასევე მომავალში განახორციელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მონიტორინგს. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე“, - განმარტა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველის დასკვნის სრული ტექსტი იხილეთ აქ https://bit.ly/3YCCbjf.

Print