ახალი ამბები
საირმეში გაფიცულები სახალხო დამცველის ადგილზე ჩასვლას ითხოვენ
FaceBook
„საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები, რომლებიც 29-ე დღეა გაფიცულები არიან, ადგილზე სახალხო დამცველის ჩასვლას ითხოვენ.

ისინი დახმარებისთვის ახლადარჩეულ ლევან იოსელიანს მიმართავენ.

„საქართველოს სახალხო დამცველი - საირმეში რომ გაფიცვის 29-ე დღეა გსმენიათ ალბათ ხომ? ლევან იოსელიანი - აქ საირმეში კომუნიკაციის და ინტერნეტის პრობლემაა და ამბობენ, ახალი სახალხო დამცველი გვყავსო, ხოდა ნუ იქნები მოუქნელი, თბილისიდან აქამდე 3.5 საათია“,- წერს სოციალურ ქსელში „ლაბორის“ ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე, რომელიც გაფიცვის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

ამასთან ერთად, გაფიცულები პროცესში მედიატორად ჩართვაზე წერილობით უკვე მეორედ მიმართავენ პრემიერ-მინისტრსაც. 

„თქვენ (ირაკლი ღარიბაშვილს), თქვენივე უყურადღებობით უბიძგებთ ხალხს რადიკალიზმისკენ, შემდეგ გამწარებული და გაბრაზებული ხალხის ქმედებებს შეფასებებს აძლევთ. მიმდინარე და მომავალში განვითარებულ პროცესებზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას ვაკისრებთ, რომელიც ამ დრომდე არ გამოჩენილა გაფიცულებთან“,- აცხადებს დიასამიძე.

დასაქმებულები, თითქმის ერთი თვეა, ღირსეული სამუშაო პირობებისა და ანაზღაურებისათვის იბრძვიან. ისინი ხელფასების 30%-ით მომატებას ითხოვენ.

კომპანია მათი მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს და „საირმის“ მინერალური წყლის ჩამომსხმელ ქარხანაში მტვირთავისა და წარმოების ოპერატორის პოზიციებზე, გაფიცულების ჩასანაცვლებლად ვაკანსიებს აცხადებს, სახელმწიფო კი აღნიშნული საკითხის მოგვარებაში არ ერევა.

გაფიცულები ამბობენ, რომ პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

საირმეში მიმდინარე პროტესტით მთავრობის არცერთი წარმომადგენელი, მათ შორის, არც იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, არ დაინტერესებულა და ამ დრომდე ადგილზე არ ჩასულა.  


ამავე თემაზე:

საირმეში გაფიცულთა მხარდასაჭერად, თბილისში, აქცია დაიგეგმა

გაფიცვის მე-15 დღე საირმეში - დასაქმებულები ხელისუფლებას მედიაციის პროცესში ჩართვას სთხოვენ

"ხმას ამოიღებ და წადი სახლშიო" - გაფიცვის მეცხრე დღე საირმეში

"იკეტება ყველაფერი" - საირმეში გაფიცულთა მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა

"საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლები გაიფიცნენ


Print