ახალი ამბები
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩა ერთი თვით გადაიკეტება
FaceBook
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

შესაბამისად, დღეიდან, 10 მარტიდან, აღნიშნული ქუჩის მარცხენა ზოლი, ი.ჭავჭავაძის გამზირიდან ზ.გამსახურდიას ქუჩის მე-2 შესახვევამდე გადაიკეტება.

მერიის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა 1 თვის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება, მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზები კი უცვლელი დარჩება.

ზ. გამსახურდიას გამზირის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. კეთილმოწყობის სამუშაოებს შ.პ.ს. ,,გზამშენი XXI" განახორციელებს, რომელმაც ტენდერში [NAT230001746] გაიმარჯვა.

საპროექტო მონაკვეთის ჯამური სიგრძე 1025 მეტრს შეადგენს. გათვალისწინებულია დაზიანებული საფარისა და საფუძვლის სრული რეაბილიტაცია და სანიაღვრე ქსელის მოწყობა (მათ შორის, 24 სანიაღვრე ქსელის სათვალთვალო და 51 ცხაურიანი
ჭების მოწყობა).

პროექტის მიხედვით, ასევე მოხდება არსებული ელ.განათების ბოძების შეღებვა და მათზე ტროტუარის განათებისათვის ლამპიონების დამატება. გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მოწყობაც.

ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის 20 სექტემბერს უნდა დასრულდეს. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა კი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელს შეადგენს.


Print