ახალი ამბები
პაპუაშვილმა „რუსული კანონპროექტები“ ვენეციის კომისიიდან გამოიწვია
FaceBook
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიაში კანონპროექტების გამოხმობის შესახებ წერილი უკვე გააგზავნა.

შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზის წერს, რომ რამდენიმე დღის წინ გაგზავნილ კანონპროექტებს უკან იწვევენ:

"თქვენო აღმატებულებავ,

რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. მცდარმა ნარატივებმა და იარლიყებმა შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და კონფრონტაციას დაუდო საფუძველი.

შესაბამისად, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა აღნიშნული კანონპროექტების მხარდაჭერის გაწვევა და შემდგომი საკანონმდებლო განხილვების შეწყვეტა.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ, აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე და შეაჩეროთ ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

ქალბატონო პრეზიდენტო, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას",- ნათქვამია პაპუაშვილის მიმართვაში.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განმარტებით, კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, პროცედურის მიხედვით, პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით გავა და ჩავარდება.

Print