ახალი ამბები
"ჯაშუში" - წარწერა ქუთაისელი აქტივისტის სახლზე
FaceBook
„აქ ცხოვრობს დავალების შემსრულებელი ნაცი ჯაშუში“ - ამ შინაარსის წარწერა დახვდა ქუთაისელ აქტივისტს აკაკი საღინაძეს, დღეს დილით, სახლის ჭიშკარზე.

საღინაძე გუშინ, მოქალაქეებთან ერთად, ცენტრალურ მოედანზე, რუსულ კანონპროექტს აპროტესტებდა. ის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

„ამ ტყუილებით ვის შეაშინებენ არ ვიცი, მაგრამ ეს ერთადერთ რამეს ნიშნავს - რომ გუშინ სიმართლე ვაკეთეთ ყველამ. ვაგრძელებთ!“,- წერს აქტივისტი სოციალურ ქსელში.

ის „ოცნების“ მიერ „რუსული კანონპროექტის" გაწვევასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ეს „ქართველი ხალხის და უცხოელი მეგობრების დამსახურებაა! თუმცა, ასევე ძალიან ჰგავს სტრატეგიულ უკან დახევას, ამიტომ არ მოვდუნდეთ, ყველაფერი წინ არის!“.

„ოცნების“ დეპუტატმა დიტო სამხარაძემ გუშინ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის მხარდამჭერებს მიმართავდა, თუ ვინმე მათ შეაგინებდა ან ღირსების შემლახავ კომენტარს დაუწერდა, ცენტრალური ოფისისთვის მიემართათ და პასუხს „უფრო მასშტაბურად და ხარისხიანად დაუბრუნებდნენ“.

Print