ახალი ამბები
შსს-ს თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სსსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-8 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის დროს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, 7 მარტს, თბილისში, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 66 პირი დააკავეს. ხელისუფლება მოქალაქეების მშვიდობიან აქციას ძალადობით დაუპირისპირდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აქციიას მონაწილეები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად არიან დაკავებული.

ფოტო: არჩილ გეგენავა


Print