ახალი ამბები
"ქართველო ძმებო, უკრაინელი ხალხი ყოველთვის იქნება თქვენ გვერდით"
FaceBook
"რადას" დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, სადაც მოქალაქეები გუშინ, „რუსულ კანონპროექტს“ აპროტესტებდნენ.

დეპუტატი ქართველ ხალხს მიმართავს და ამბობს, რომ უკრაინა მათ გვერდით იქნება.

„ქართველო ძმებო! უკრაინელი ხალხი ყოველთვის იქნება თქვენ გვერდით. ჩვენ ყოველთვის დაგიჭერთ მხარს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენ მხარეს.

ასობით ქართველი ომობს ჩვენთან ერთად ჩვენი და თქვენი დამოუკიდებლობისთვის. ასობით უკრაინელი იყო თქვენთან 2008 წელს, როცა მტერი თავს დაგესხათ.

რუსეთმა ვერ შეძლო თქვენი მიტაცება ძალით, ამიტომაც ის ცდილობს დაგიპყროთ კორუფციით. რუსეთმა ვერ გაანადგურა თქვენი სახელმწიფო, ამიტომ ის ცდილობს ვასალებად გაქციოთ.

დაიცავით თქვენი თავისუფლება! დიდება საქართველოს!“ - წერს ოლექსეი გონჩარენკო.

„ოცნებამ“ „რუსული კანონპროექტი“ პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.

ე.წ "ხალხის ძალის" დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.


Print